ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობის წინააღმდეგ - ტიკარაძე მედიკოსების ინფიცირებაში მოქალაქეებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობის წინააღმდეგ - ეკატერინე ტიკარაძე ექიმების კოვიდ 19-ით ინფიცირების მიზეზად პაციენტების დაუდევრობას ასახელებს. ტიკარაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ, რომელსაც კოვიდინფექციაზე ეჭვი აქვს, 112-ში დარეკვისას სიმპტომები არ დამალოს. მინისტრი აღიარებს, რომ ყველა გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები ვირუსის საწინააღმდეგო სპეცეკიპირებით აღჭურვილნი არ მიდიან, რაც მათი ინფიცირების მიზეზი ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ 112-ში ზარის განხორციელების დროს გავითვალისწინოთ და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს და აუცილებლად დავაფიქსიროთ ეჭვი. თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდ 19 ინფექციის რისკის ქვეშ, დავაფიქსიროთ, რომ გვაქვს სიცხე, ამ შემთხვევაში ეკიპაჟი, რა თქმა უნდა, მოახდენს სრულ აღჭურვას და ის მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ.

მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში როგორც სამინისტრომ, ისე 112-მა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქმედებები და უფრო დეტალური კითხვარით გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტების გახსნილობა და გამჭვირვალობა. მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა, შეიძლება დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეპიდემიის დასრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აქაც დიდი წილი პასუხისმგებლობა სწორედ მოსახლეობას დააკისრა. ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისა და ყურადღებისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი