
დღეს, 15 აპრილს თელავის რაიონული სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი პოლიციელის საქმესთან დაკავშირებით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საკითხზე იმსჯელებს. მოკლულის ადვოკატი სხდომაზე მოსამართლის აცილების საკითხის დაყენებას გეგმავს, იმ შემთხვევაში, თუ აცილების შუამდგომლობა თავად მოსამართლემ არ დააყენა.
ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრალდებულსა და მოსამართლეს წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც, მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმე ეხება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ამას მხარე საქმის განხილვის დროს დაამტკიცებს.
"აუცილებლად უნდა დადგეს მოსამართლის აცილების საკითხი. ის ძალიან კარგად იცნობს ბრალდებულს, ისინი არიან კარის მეზობლები. გამომდინარე აქედან, არსებობს სერიოზული შეკითხვები მის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
ეს მსჯელობა აფექტთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მსჯელობა და დაცვის მხარის პოზიცია ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც დაიკითხებიან ექსპერტები, ისინიც დაადასტურებენ, რომ არანაირ აფექტს ადგილი არ ჰქონია",-თქვა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში, გასული წლის დეკემბერში მოკლა. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.
ავტორი: ია გულიაშვილი.