თელავში, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის საქმის განხილვა აიცილა

გამოქვეყნდა:

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის საქმის განხილვა აიცილა.

მამუკა წიკლაურმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილთან წარსულში ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით, მოსამართლემ შესაძლო კითხვის ნიშნები თავიდან აიცილა. ახლო ურთიერთობა და წიკლაურთან  მეზობლობა სხდომაზე ბრალდებულმაც დაადასტურა. თუმცა, აცილების საკითხს არ დაეთანხმა პოლიციელის დაცვის მხარე და პროკურატურა დაზარალებულის სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

მანამდე კი მოსამართლის აცილების საკითხი პროკურორმა დაზარალებულის უფლება მონაცვლის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე დააყენა. პროკურორმა მანანა თანდაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ახლო ურთიერთობა მოსამართლის მხრიდან მიკერძოების ნიშნებს აჩენდა.

რაც შეეხება დაზარალებულის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. რაც შეეხება, მიმდინარე საქმეს, დაცვის მხარე შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურებს, რომ პოლიციელმა დანაშაული განზრახ და დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა.

ექსპერტიზამ კი ბრალდებულის ნაწილობრივ შერაცხადობა დაადგინა. რაც იმის ეჭვს ქმნის, რომ შესაძლოა, დაცვის მხარემ ზანდარაშვილის მხრიდან აფექტის ნაწილზე იმსჯელოს.

შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში, გასული წლის დეკემბერში მოკლა.

მკვლელობის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი