რიონის ხეობის მცველები, ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კვლავ სოფელ გუმათში დაბრუნდნენ. ისინი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვენ, იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება შესაძლებელი იყოს.
როგორც ხეობის მცველი მირზა ნოზაძე ამბობს, მათი მოთხოვნებია, შეწყდეს ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, მიეცეთ ხეობის მცველებს ნამოხვანში ჩასვლის უფლება და აიღონ ის ბარიკადები, რომელიც სოფელ გუმათშია განთავსებული.
"ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, რომ გუშინდელი შეხვედრა არ დაემსგავსოს შეხვედრას შეხვედრისთვის. გვაქვს პოზიტიური განწყობები გუშინდელი შეხვედრიდან, რადგან ვნახეთ ხელისუფლების მიერ დათმობილი პოზიციები, შერბილებული ტონი, ის დამოკიდებულება, რომელსაც ითხოვს დემოკრატიული საზოგადოება. მაგრამ ის შეფასებები, რომელიც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, არის მხოლოდ შეხვედრის შეფასება და არა მოლოდინების, რადგან ჩვენ აუცილებლად ვრჩებით პრინციპულები. შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების არ დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი რა თქმა უნდა გაგრძელდება და გაიზრდება. რა თქმა უნდა, ისინი გვიხილავენ თბილისში", - ამბობს მირზა ნოზაძე.
მისივე თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ვადების შეთანხმება სცადეს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები "პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობით აპელირებდნენ". მისივე თქმით, თუ ისინი გონივრულ ვადაში არ აცნობებენ გადაწყვეტილებას და "თუ არ მოეგებიან გონს, აუცილებლად, გვიხილავენ თბილისში".
რიონის ხეობის მცველები, გადაწყვეტილებამდე, პროტესტს ჩვეულ ფორმატში აგრძელებენ.