
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ისინი აღნიშნული მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ.
"რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს.