
კოვიდ 19 საქართველოში - ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში მიიღებს მონაწილეობას. კვლევის ფარგლებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე ოთხ მედიკამენტს, მათ შორის პლაქველინსა და რემდესივირს გამოცდიან.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, რასაც პაციენტებს წინასწარ ხელმოწერით დაადასტურებინებენ. მისივე თქმით, კვლევაში სულ რამდენიმე ქვეყანაა ჩართული და საქართველოს, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას, მონაწილეობა შესთავაზეს.
ჯანმომ შეარჩია ის პრეპარატები, რომლისგანაც ყველაზე მეტ შედეგს მოელის. ოთხი ჯგუფი იქნება პაციენტების. ნებაყოფლობითი იქნება ჩართვა, თუ რომელიმე პაციენტს არ უნდა, რომ კვლევაში მონაწილეობა მიიღოს, არავინ დააძალებს. თუმცა ასეთი მგონია, რომ ცოტა გამოჩნდება.
ვიღაცას თუ ეჭვი შეაქვს პროტოკოლი სწორია თუ არა, იქ კითხვებს ვერ დასვამს ვერავინ პროტოკოლზე. ეს პაციენტი იქნება ნაწილი მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევისა. ეს იქნება ღია კვლევა, ეს არ იქნება ბრმა კვლევა. ყველა პაციენტსა და ყველა ექიმს ეცოდინება, რომელ პრეპარატს იღებს, - ამბობს ცერცვაძე.