
განცხადებები, რომელიც ეკლესიის მისამართით კეთდებოდა, სახელისუფლებო გუნდის მოუმწიფებლობაზე მეტყველებს - ასე ეხმაურება გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია პანდემიის პირობებში დაწესებულ აკრძალვებს.
მისი თქმით, ეკლესიის კლასტერზე ყველაფერი გარკვეულია და ნათელია, რომ პოლიტიკოსების განცხადებები ეკლესიისა და სასულიერო პირების სტიგმატიზირებისკენ იყო მიმართული. მეუფე ანდრია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეკლესიის მრევლი მისი ამომრჩეველია.
ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე, მე მგონი ყველაფერი გარკვეული არის. ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავდით ამ დღეების მანძილზე მცდელობას და მოწოდებას ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციისკენ. ვხედავდი, სამწუხაროდ, მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგიერთი თანამდებობის პირებიდანაც, რაც მაკვირვებს მე, რადგან ამ ადამიანების ამომრჩეველი არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება, ვფიქრობ, რომ ზუსტად მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, - ამბობს მეუფე ანდრია.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა დღეს ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. მსახურებას სამებაში აღავლენს პატრიარქი. უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება გორში, სადაც გიორგობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გორიჯვრის ტაძართან მისასვლელი სამანქანო გზა ჩაიკეტება. მომლოცველებს ტაძარში მისვლა ფეხით მოუწევთ.
ავტორი: გიორგი ახალკაცი