რურუას გაჩერების თხოვნა პირადი სატელეფონო ზარით მივიღეთ - პატრულის ჩვენება პოლიციის მთავარი სამმართველოდან

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას საქმეზე პატრულ-ინსპექტორი ჩვენებას დისტანციურად პოლიციის სამმართველოდან აძლევს. 

სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მოწმე ვალერიან ფოდიაშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუას საქმეზე ჩვენების მისაცემად ის პროკურორმა პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარა, მაშინ როცა, მოწმეს ჩვენების მიცემა სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან შეეძლო. 

დამიკავშირდნენ პროკურორები, მითხრეს, რომ ბატონი გიორგი რურუას საქმეზე უნდა დავკითხულიყავი. მითხრეს, რომ თბილისის მთავარ სამმართველოში უნდა მივსულიყავი, - ამბობს ფოდიაშვილი.

​გარდა ამისა, როგორც ირკვევა ვალერიან ფოდიაშვილმა თავის მეწყვილესთან ერთად გიორგი რურუას ავტომობილის გაჩერების შესახებ ბრძანება პირადი სატელეფონო საუბრის დროს მიიღო. ფოდიაშვილი განმარტავს, რომ მის მეწყვილეს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დავით დვალიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ კონკრეტული ავტომობილი გაეჩერებინათ. პატრულ-ინსპექტორი იმასაც ამბობს, რომ დვალიშვილი მათი უშუალო ხელმძღვანელი პირი არ არის.  

ახალ გზაზე რომ ვიყავი, ჩემს მეწყვილეს დაურეკა. მერე თვითონ მითხრა. დაურეკა დავით დვალიშვილმა, რომელიც მუშაობს თბილისის სამმართველოში და უთხრა, რომ "ტოიოტა პრადო" იყო გასაჩერებელი. დახმარება გვთხოვა. უნდა მოძრაობდეს ვაკის ტერიტორიაზეო. პირად მობილურზე დაურეკა. რაციაში არ გადმოუცია. დავით დვალიშვილთან დაქვემდებარება არ გვაქვს, - ამბობს მოწმე. 

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. კოვიდვირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პროცესი დისტანციურად იმართება. რამდენიმე წუთში სხდომაზე მეორე პატრულ-ინსპექტორი დაიკითხება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი