გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს - აღნიშნულის შესახებ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
კაკაბაძის განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები მიეცა პასუხისგებაში, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.
ბრალდების პოზიციას ადვოკატი აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ვიდეოკადრები, რომელიც კობიაშვილის საქმეში დევს, ცემის ფაქტს არ ადასტურებს. ტარიელ კაკაბაძე დაწმუნებულია, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.
ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას საერთოდ დევნა შეეწყვიტა უდანაშაულო ადამიანის მიმართ, დღეს დავინახეთ, რომ წაუყენეს ახალი მუხლი, ახალი ბრალდება, რომ თითქოს მან სცემა ერთ-ერთი მათგანი, ვინც მას თავს ესხმის.
მინდა გითხრათ, რომ ისევე, როგორც დანარჩენ ნაწილში, ამ ნაწილშიც საქმე არის სრულიად აბსურდული. საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება და ამ შემთხვევაშიც ვიდეოჩანაწერებს ეწინააღმდეგება ბრალდების პოზიცია. შესაბამისად, მიუხედავად პროკურატურის პოზიციისა, რომ დაუმძიმოს ამ უდანაშაულო ადამიანს სამართლებრივი მდგომარეობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარე უტყუარად დავამტკიცებთ მერაბ კობიაშვილი უდანაშაულობას, - განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ბრალი ცემის მუხლით დამძიმდა.