ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი, თქმით, ჭყონდიდელი მიტოპოლიტი სტეფანე აღჭურვილია ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, განვითარებულ მოვლენებზე შეფასებას თავად გააკეთებს.
"ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა. აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს", - წერს საპატრიარქო.
საპატრიარქო წერს, რომ მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც მეუფე პეტრეს გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს.