ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს მინუს 80 გრადუსის ტემპერატურული რეჟიმის სამი საყინულე საჩუქრად გადასცა. ვაქცინის შესანახად საჭირო მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.
დასაწყობებული მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და საქართველოში ამერიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, რაიან ჰარკერ ჰარისმა დაათვალიერეს.
"მოხარული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადავცე სამი საყინულე. ეს საქართველოს დაეხმარება ვაქცინის მზადყოფნისა და ადმინისტრირების პროცესში. საყინულეები გააუმჯობესებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის სისტემას ვაქცინის შენახვის, ცივი ჯაჭვის მართვისა და იმუნიზაციის მიმართულებით. ეს დონაცია არის ამერიკის ევროპული სარდლობის მილიონ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი საქართველოსთვის კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ამერიკის საელჩო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში და ეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში", – განაცხადა პირველ არხთან რაიან ჰარკერ ჰარისმა.
პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა საქართველოს შეუძლია, „ფაიზერის“ ვაქცინების მილიონობით დოზის შენახვა უზრუნველყოს.