
"ევროპული საქართველო" ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ტრადიციული ფორმატით გამოცდების ჩატარება, აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია.
"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდების ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით, რადგან პანდემია ივლისის თვეში, დიდი ალბათობით არ დასრულდება და აბიტურიენტები ახლა გაურკვევლ მდგომარეობაში არიან
"ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩვეული ფორმით ჩატარებამ - ოთხ გამოცდაზე მისვლამ და საგამოცდო ცენტრებში დიდი რაოდენობით აბიტურიენტის შეკრებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდებისა და პროცესში ჩართული სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვიხილოთ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი - ერთ სასესიო დროში კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის გაერთიანება, ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით მინიმუმ სამი საგნობრივი ჯგუფის პროგრამის შინაარსის გაერთიანებას.
რაც შეეხება, მეოთხე გამოცდას - მოცემულობის მიხედვით, რადგან დარეგისტრირებულთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, მათი საგამოცდო სივრცეში განთავსება, უსაფრთხოების კუთხით, მარტივად გადაწყდება.
ასევე, მიგვაჩნია, რომ სკოლებში საგამოცდო ცენტრები უნდა ჩამოყალიბდეს - უფრო ზუსტად, სამინისტრომ დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვა.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურ განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ განათლების სამინისტროს საკუთარი რეკომენდაციებით 10 აპრილს მიმართა, თუმცა მინისტრ ჩხენკელის უწყებიდან პასუხი მათ, ამ დრომდე არ მიუღიათ.