რიონის ხეობა ისევ ბარიკადებითაა გაყოფილი. ხეობის მცველები და ადგილობრივები ნამოხვანის მიმართულებით წასვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.
რიონის ხეობის მცველებმა სამხარეო პოლიციის უფროსთან სულხან თამაზაშვილთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა თამაზაშვილი მათ არ შეხვდა.
როგორც ხეობის მცველები ამბობენ, მთავრობის დღევანდელი განცხადებები, სადაც საუბარია, რომ სამართალდამცველები უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას არ შეუზღუდავდნენ, მოხსნიდნენ ბარიერებსა და შეამცირებდნენ სამართალდამცველების რაოდენობას, მხოლოდ ფასადურია:
"თუ აქ ეს ჯებირი უნდა იყოს და ადამიანებს არ მიეცათ გადაადგილების საშუალება, რა პირობების შესრულებაზეა ლაპარაკი... 23-ში თბილისის აქციაზე მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს ხელისუფლების უმსგავსო სახე", - ამბობს გოლეთიანი.
მთავრობას, დღეს გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა ეწურებოდა, მთავრობის ადმინისტრაციამ დილით გაავრცელა ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.