ნამოხვანჰესის მშენებლობა - მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები

გამოქვეყნდა:

"ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. ადმინისტრაციის ინფორმაციით:

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს.  

ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც  შეისწავლის კონტრაქტის  პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“  გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით  იმუშავებს. 

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა,  იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე  დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და  კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ" ნათქვამია ინფორმაციაში.

სწორედ გუშინ, 23 აპრილს ამოიწურა ის ვადა, რომელიც რიონის ხეობის მცველებმა ირაკლი ღარიბაშვილს და ხელისუფლებას მისცეს. ისინი სამი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ, თუმცა საღამოს მათ პრემიერის წარმომადგენელი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სამიდან ორი მოთხოვნა - ბარიკადების აღება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება დაკმაყოფილდებოდა. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათთვის ეს მიუღებელია.

ჯერჯერობით უცნობია უწყვეტი პროტესტის მონაწილეების პასუხი და პოზიცია მთავრობის ახალ გადაწყვეტილებებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი