
რამდენიმე წლის წინ, ადამიანების ერთმა ჯგუფმა ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. შეიქმნა Facebook-გვერდიც სახელით - "ვეძებ" და ძალიან მალე ფარდა აეხადა უმძიმეს კრიმინალურ ისტორიას. აღმოჩნდა, რომ გაშვილებამდე ისინი ბიოლოგიურ მშობლებს მოპარეს, დედებს უთხრეს, რომ ახალშობილები მშობიარობისას გარდაიცვალნენ და ეს პატარები უბრალოდ გაყიდეს. ყველაზე ხშირად ეს სცენარი ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ ხდებოდა. დედებს ეუბნებოდნენ, რომ ერთ-ერთი ჩვილი დაიღუპა, სინამდვილეში კი ორივე კარგად იყო და ერთ-ერთს ყიდდნენ.
საქმეები 80-იანი წლებიდან იწყება და ლამის 2000-იანი წლებზეც გადმოდის. მეტიც, ეჭვმიტანილი ექიმებისა და ბებიაქალების რაღაც ნაწილი დღემდე ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს. ძიებამ ბევრი გახლეჩილი დედა-შვილი შეახვედრა ერთმანეთს, ბევრმა კი სიმართლის აღდგენა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა და ძიებას განაგრძობს.
სამშობიაროები შეკვეთებზეც მუშაობდნენ. წინასწარი შეთანხმებით, ცვლიდნენ მონაცემებს, ხშირად კი ერთ ქალაქში დაბადებულ შვილს სხვა ქალაქის სამშობიაროში აფორმებდნენ, რომ ბიოლოგიურ დედას მომავალში მისი მოძებნა რომ დასჭირვებოდა, ვერასოდეს ეპოვა.
ნენე დალაქიშვილის რეპორტაჟი - "ვაჭრობა ჩვილებით"