ზურაბ გურული მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს გამარჯვებას ულოცავს. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ვულოცავ ზურაბ დათუნაშვილს გამარჯვებას. დაახლოებით მაინც ვიცი რას გრძნობდა სერბეთის ჰიმნის მოსმენისას, რომლითაც მისი გამარჯვება აღნიშნა ევროპამ.
სიმბოლური პიროვნებაა ეს კაცი. სამშობლოში დამცირებული, შეურაცხყოფილი, თავისი ნებით გარიდებული, რადგან "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან"; გაბრაზებული, მაგრამ არა დაბოღმილი, ამიტომ ჯანმრთელად მოტივირებული.
ზურაბ დათუნაშვილი პასუხია სულელურ ყვედრებაზე: - ჩამოდი და აქ ემსახურე შენს სამშობლოს -. საქართველოში იყო დათუნაშვილი, მაგარი კაცი, მაგრამ ... "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან".
სიხარულის და სევდის, სიამაყის და დათრგუნულობის, მაგრამ არა ნიშნისმოგების გემო აქვს ასეთ გამარჯვებას. და რა არის სამშობლო? სამშობლო ის ხალხია, რომელმაც წასვლა გაიძულა, თუ ისინი, ვისაც შენი გამარჯვება ისევ გაუხარდა, მაგრამ ვერ დაგიცვა? ორივე ერთად?
ეტყობა მაინც მთები და ველებია სამშობლო; ნაცნობი მთები და ველები ... გილოცავ ზურაბ დათუნაშვილო! გამარჯვებით გევლოს!, - წერს ზურაბ გურული.
ცნობისთვის, სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია. დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი უკვე მესამედ მოიპოვა, თუმცა წინა ორ შემთხვევაში მოჭიდავე საქართველოს სახელით ასპარეზობდა.
დათუნაშვილი გეგა გეგეშიძესთან არსებული დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და მას შემდეგ ის სერბეთის სახელით ასპარეზობს.
ძმები წულუკიძეები, რომლებიც ნამახვანის მოვლენების დროს რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ზურაბ დათუნაშვილის მეგობრები არიან.