
სიღნაღში სკოლის მასწავლებელმა საფულე გაურკევევლ ვითარებაში დაკარგა, მისი მოპარვა კი მეოთხე კლასელს დააბრალა. შემთხვევა გუშინ, 28 აპრილს სოფელ ზემო ბოდბეში მოხდა. მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებელმა, მზია ქადაგიშვილმა ეჭვი მოსწავლეზე მიიტანა ის მასთან სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩაატარა.
მოგვიანებით, მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ საფულე არა სკოლაში, არამედ სახლში დაკარგა.
მეოთხე კლასის მოსწავლე დღეს მთელი დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, დღის მეორე ნახევარში კი ის პოლიციამ იპოვა. ბავშვი სკოლაში, სავარაუდოდ, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო აღარ გამოცხადებულა.
მოსწავლის დედა სკოლიდან მასწავლებლის გათავისუფლებას ითხოვს.
"თქვენმა შვილმა აიღოო და მერე სახლში, რომ ჩავიდა ნახა თვითონ მოვიდა და ბოდიშიც მოიხადა.
ყველაფერი ჩავყლაპეთ და მინდა, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს. მარტო მასწავლებელი მინდა, რომ განთავისუფლდეს",- თქვა მეოთხე კლასელის დედამ.
რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი თქმით, მომხდარს ის დისციპლინალურ კომიტეტს გადასცემს და შემთხვევას კომიტეტი განიხილავს.
"დავიღუპე - ზუსტად ესე მეუბნება სიტყვა-სიტყვით, ფული აღარ მაქვს საფულეშიო. არ ვიცი ამ ბავშვზე რატომ, იმიტომ რომ დედა თვითონ აფიქსირებს, რომ ბავშვს ერთხელ შემთხვევა ჰქონდა.
ადგილი, რომელიც მიუთითა ის კამერა გავხსენი და ამასობაში მასწავლებელი წასულა ბავშვთან სახლში, იქ მე არ ვიცი რა მოხდა. ამასობაში მოვიდა დედა, რომ ბავშვი გაიქცა.
როგორც მე პოლიციიდან ვიცი, რომ დილით მივეცი ჩემ მეუღლეს ფულიო, ეტყობა გამომრჩა მხედველობიდან და ბოდიში მოიხადა.
მე ამას გადავცემ დისციპლინალურ კომიტეტს და კომიტეტი განიხილავს ამას ყველაფერს",- თქვა სკოლის დირექტორმა.
თავად მასწავლებელი, რომელმაც საფულე დაკარგა, "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობს.
ავტორი: ია გულიაშვილი.