28 აპრილს, დღისით, შს ყოფილ მინისტრსა და ამავდროულად მხედრიონის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე თავდასხმა დაახლოებით 12-მა პირმა სცადა. ამ დროს თემურ ხაჩიშვილი მეგობრის ოფისში იმყოფებოდა.
ყოფილი მინისტრი თავდასხმის დეტალებს იხსენებს და აკონკრეტებს, რომ მან თავდამსხმელებს შორის ამოიცნო რამდენიმე პირი, მათ შორის ასახელებს უშიშროების 2 მოქმედ თანამშრომელსა და 1993 წელს მოკლული მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის ვაჟს ალეკო ვეფხვაძეს.
ხაჩიშვილის მონაყოლით ირკვევა, რომ მასზე თავდასხმა ერთ-ერთი ვერსიით უკავშირდება 1993 წელს, მხედრიონელების, ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობებს.
ირკვევა, რომ შს ყოფილ მინისტრსა და მოკლული მხედრიონელების შვილებს შორის შეხვედრა რამდენიმე თვის წინ, გიორგი ყარყარაშვილთან შედგა.
28 წლის თავზე მხედრიონელების, ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის შვილები ცდილობენ გიორგი რურუა მათი მამების მკვლელობას დაუკავშირონ. საქმის გასარჩევად აყვანილ შს ყოფილი მინისტრისგან, მხედრიონელების შვილები მოითხოვდნენ, რომ მკვლელობებში ხაჩიშვილს გიორგი რურუას როლი დაედასტურებინა.
თავად თემურ ხაჩიშვილისთვის გაურკვეველია, რატომ ცდილობენ ახლა 90-იანებში მომხდარი მკვლელობების გამოძიებას არარსებული მტკიცებულებებით.
მეორე ვერსიით კი ხაჩიშვილზე თავდასხმა უკავშირდება ბიზნესწილებს. ხაჩიშვილის მინისტრობის დროს მან ვეფხვაძესა და სვანაძეს დინამოს სტადიონი აჩუქა. საქმის გასარჩევად აყვანილ ხაჩიშვილს მხედრიონელების შვილები მისგან მოითხოვდნენ ამ საკითხშიც დახმარებოდნენ, თუმცა შს ყოფილმა მინისტრმა მათ უარი უთხრა
თემურ ხაჩიშვილი ამტკიცებს, რომ ჯგუფს, რომელიც დაახლოებით 12 კაცისგან შედგება, ყველაფერი ეპატიება, მათ შორის ნარკოდანაშაული. ამბობს, რომ თავდამსხმელებს ხელისუფლების წევრები მფარველობენ.
შს ყოფილი მინისტრის უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ თემურ ხაჩიშვილს თავდამსხმელები უთვალთვალებდნენ და მისი ზუსტი ადგილსამყოფელი სწორედ ამიტომ იცოდნენ. არ გამორიცხავს იმასაც, რომ თავდასხმა ვინმეს შკვეთილი იყოს.
ალეკო ვეფხვაძეს, რომ პირადი საქმე თემურ ხაჩიშვილთან ჰქონდა, ამას თავად ალეკოს და ადასტურებს და აცხადებს, რომ ხაჩიშვილს მისმა ძმამ წერილი გადასცა. ვეფხვაძეების ოჯახი მხედრიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან ახლა მოითხოვს, რომ ეს წერილი გაასაჯაროვოს. ქეთი ვეფხვაძე ასევე ამტკიცებს, რომ 28 აპრილს მომხდარი ინციდენტი თავდასხმა არ ყოფილა.
თავდასხმიდან 1 დღეზე მეტია გასული, თუმცა გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. გამოიკითხნენ, მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პირები.
საკითხავია ისიც რაში სჭირდება ქართულ ოცნებას მხედრიონელების მკვლელობების გახსენება და ამ მკვლელობებში გიორგი რურუას სახელის ხსენება.