
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელთან დაკავშირებით განცხადბეას ავრცელებს.
ნათია კაპანაძეს, 2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა.
საიას განცხადებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა ეჭვები, რომ ის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე იყო ნაკარნახევი. მაუწყებელში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა კი ეს ეჭვები დაადასტურა.
"მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის წარდგენიდან 2 წელი გავიდა, საქმეზე დღემდე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა. ამასთან, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს დღემდე წერილობით არ უცნობებია, რა გახდა საქმის განხილვის გაჭიანურების საფუძველი. სატელეფონო საუბრისას მიღებული განმარტებით, საქმის გაჭიანურება "ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ" განაპირობა. საია მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში მიიღოს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
საია მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვას ხელოვნურად და დაუსაბუთებლად აჭიანურებს.
იხილეთ განცხადება სრულად.