ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული "სტიმულების დაწესება" განიხილება, თუმცა გაბუნიას კონკრეტული ჯერ არაფერი უთქვამს:
"გარკვეული სტიმულების დაწესება და შემოღება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება, ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პაკეტი ამისი მზადდება და ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია",-თქვა გაბუნიამ.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინირებული პირებისთვის "სტიმულების დაწესება" მას შემდეგ გახდება აქტიური, როცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.
"ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ მეტად ფართო მოცვა გვჭირდება ვაქცინაციის, უნდა გვქონდეს ფართო მოცვა, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი, რომ მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია, ალბათ, ესეც უფრო ივლისის თვისკენ, როდესაც გადავალთ მეტად აქტიურ ფართო მოცვაზე მოსახლეობის, რათა გათანაბრდეს და ვინმეს არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაცა სხვა, გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია და ამდენად, გარკვეულწილად დისკრიმინირებული შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ვერ აიცრა.
ასე რომ როცა დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, მაშინ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე",-თქა მან.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე, 13 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები შემოვიდა, 25 მარტს ქვეყანაში Pfizer-ის დოზების პირველი პარტია შემოვიდა, 3 აპრილს კი საქართველომ Sinopharm-ის 100 000 დოზა მიიღო.
გაბუნიას ინფორმაციით, "სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი და ამ ეტაპზე, ქვეყანაში სულ 50 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზა „სინოფარმია“.