ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა ცხინვალის ციხეში და კიდევ ერთი სარჩელი სტრასბურგში - საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, ირკვევა, რომ ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ხვდებიან, რუსი ოკუპანტები და სეპარატისტები სასტიკად უსწორდებიან.
ამ ფაქტს როგორც ხელისუფლება, ასევე უკანონო ტყვეობაში მყოფი ყველა პირი მალავდა თუმცა, ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ოკუპანტების ტყვეობა გამოვლილმა, რამაზ ბეღელურმა, მომხდარის დეტალებზე სუბარი ხმამაღლა გადაწყვიტა.
2 დღის წინ რამაზ ბეღელური კომაში ჩავარდა. როგორც ბეღელური იხსენებს, დაკავების დროს მას, რუსმა ოკუპანტებმა იარაღის კონდახით სცემეს, შემდეგ კი თავი გაუტეხეს - "კარი გამიღო, ნელა მივდიოდი, მალე ქენიო, შემაგინა და გასაღები ჩამარტყა თავში. გამიტყდა თავი, შემდეგ მითხრა, მიდი მალე, სისხლი ჩამოიბანე, რომ უფროსმა არ დამინახოსო".
ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან ერთად, რამაზ ბეღელური, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. სავარაუდოდ, ამ სარჩელს რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის ტყვეობაში მყოფი, კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის ოჯახიც შეუერთდება. ბესტაევი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. მას 3 წესი აქვს მისჯილი.
ნაირა ბესტაევი არ გამორიცხავს რომ მისი ძმაც ოკუპაციური რეჟიმის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყოს.
"როდის იყო, რომ ქართველი ან ოსი, ცხინვალში იყოს და კარგად ექცეოდნენ. არავინ არ მოსულა ჩემთან ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და ჟურნალისტების გარდა ესენი უფრო დაინტერესდნენ ჩვენი საქმით ვიდრე სახელმწიფო", - ამბობს ნაირა ბესტაევი.
პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ პირებს საგუშაგოზე აფრთხილებენ, რომ ცხინვალის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე მედიასთან არ ისაუბრონ.