"სინოფარმის" აღიარება - ჩინური ვაქცინა კოვაქსის პროგრამაში ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

7 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმს“ მწვანე შუქი აუნთო, რითაც ის მსოფლიოში მეექვსე და ამავე დროს პირველი არადასავლური წარმოების ავტორიზებული ვაქცინა გახდა. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, სინოფარმის ვაქცინა ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანია.

საერთაშორისო მასშტაბით ავტორიზაციის მიღებამდე სინოფარმის ვაქცინა უკვე გამოყენებული იყო თავად ჩინეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ძირითადად აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში, თუმცა ასევე ევროპის ქვეყნებში, მათ შორის უნგრეთში, სადაც მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდა. ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, რომ სინოფარმი გამოყენებულ იქნას ორ დოზად 18 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში.

ჯანმოში აღნიშნეს, რომ კლინიკურ ცდებში 60 წელს გადაცილებული ადამიანები არ მონაწილეობდნენ, ამიტომ ვაქცინის ეფექტურობის დონე მხოლოდ 79%-ად არის შეფასებული, თუმცა, ორგანიზაციის თქმით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებზე ის სხვაგვარად იმოქმედებს. ჩინური ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი შენახვა საყოფაცხოვრებო მაცივარშიც შესაძლებელია.

საქართველოში სინოფარმის 100 000 ვაქცინა უკვე შემოვიდა,  4 მაისს კი ვაქცინაცია დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უახლოეს დღეებში ქვეყანაში კიდევ 100 000 დოზა შემოვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამჟამად კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, სინოვაკის ვაქცინის შეფასებაზე მუშაობს, რომლის ეფექტურობა თურქეთში 91%-ად შეფასდა. გადაწყვეტილებას ჯანმო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. 

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი