ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - ირკვევა, რომ მიტოვებული შენობა, სადაც სავარაუდოდ დანაშაული მოხდა, ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა და ალექსანდრე ივანიშვილმა ის ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ დაირეგისტრირა.
ნახევრადდანგრეული შენობა ამჟამად მიტოვებულია და მას დაცვის სამსახური არ აკონტროლებს.
რაც შეეხება დანაშაულს - მკვლელობა წუხელ ყაზბეგის 34 ნომერში, ყოფილი შანხაის შენობაში, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა. მოკლულ მამაკაცს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხმაური გასულ ღამეს არ გაუგიათ, თუმცა ამბობენ, რომ სხვა დროს ამ ადგილას ხშირად ხდება ჩხუბი, იკრიბებიან ახალგაზრდები და ხშირად მოძრაობს პოლიციაც.
თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.