
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილ ძალადობის შემთხვევებს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან ძალადობა უკვე ტენდენცია გახდა.
მათივე თქმით, საგამოძიებო ორგანოების დემონსტრაციული პასიურობა და არაეფექტიანობა ამგვარ ძალადობას ახალისებს:
"ჩვენი აზრით, სასულიერო პირების, მათ შორის, მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ჩადენილი ძალადობის პრაქტიკა ეკლესიის შიგნით წლების განმავლობაში შექმნილი მძიმე კრიზისის შედეგი და სიმპტომია. ეკლესიის, როგორც ინსტიტუციური სისტემის წიაღში დაგროვებული სისტემური პრობლემები, მათ შორის, პოლიტიკურ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვა, საპატრიარქოს პოლიტიზირება და უკონტროლო პოლიტიკური პრივილეგიები, ფინანსური და მატერიალური რესურსების ჭარბი აკუმულაცია მაღალი იერარქების შიგნით და ამ ფონზე შექმნილი სოციალური გაუცხოება, განათლების მკვეთრად დაბალი დონე სასულიერო პირებში და სიძულვილზე, სოციალურ იერარქიებზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური და სოციალური ხედვები, წლების განმავლობაში არარეფლექსირებული და გადაუჭრელი რჩებოდა", - წერს ორგანიზაცია.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მიიჩნევს, რომ:
ყველა ზემოთ მითითებულ ფაქტზე დაიწყოს ეფექტიანი, დროული და სამართლიანი გამოძიება და მათ შორის, გამოკვეთოს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, ასევე პოლიტიკური თუ სხვა შეხედულობის გამო შეუწყნარებლობის მოტივები და ქმედებებს ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს;
სათანადოდ გაზომოს ძალადობის შესაძლო რისკები ცალკეულ ეპარქიებში და მიიღოს ადეკვატური პრევენციული ზომები, ამ პროცესში მიუმხრობლობისა და ნეიტრალობის პრინციპების განუხრელი და მკაცრი დაცვით;
გაიაზრონ სიძულვილზე, შუღლზე დაფუძნებული სენტიმენტების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მძიმე სოციალური შედეგები და ზიანი და მიიღონ სათანადო ზომები (მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების, პარტიული რეგულაციების დაწესების გზით) მშვიდობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის დამკვიდრებისთვის;
გაემიჯნოს ბოლო კვირებში მისი სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილ ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების, კარტოგრაფების მიმართ და მიიღოს საეკლესიო სამართლებრივი და სხვა ზომები ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავე პირებისთვის სამართლიანი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.