ახალი სკანდალი ეკლესიის ირგვლივ - მღვდელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ჩხრეკისას მამა სვიმეონს 40 აბი მეტადონი აღმოჩნდა.
40 აბი ნარკოტიკული საშუალება, კრიმინალურმა პოლიციამ მღვდლის ავტომობილიდან ამოიღო. ზუგდიდის ცენტრში მოძრავი მანქანა სამართალდამცველებმა წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, ღამით გააჩერეს.
დაკავებული მღვდელი, მამა სვიმეონი, საერო სახელით გიგა ქავთარაძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს უშუალო გარემოცვის წევრია, 2013 წელს ათონის მთაზე ბერად სვიმეონის აღკვეცაში მღვდელმთავარი პირადად მონაწილებდა და ამისთვის ქალკედონის ნახევარკუნძულზე საგანგებოდ ჩავიდა.
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებულმა სასულიერო პირმა ათონის მთაზე 3 წელი იმსახურა, ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ზუგდიდის ეპარქიაში ირიცხებოდა. ის პირადად მასპინძლობდა ეპარქიის ბიზნესმენ სტუმრებს, მათ შორის, უმასპინძლა ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენს, გიორგი რამიშვილს იგივე ზარალას.
40 აბი მეტადონი, რომელიც მღვდელს ჩხრეკისას აღმოაჩნდა, შავ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნარკოტიკული საშუალებაა. ერთი კრისტალის ფასი 600 დოლარიდან იწყება. მღვდლის ჩანთიდან ამოღებულმა 40 აბი ნარკოტიკის ისტორიამ დღეს ყველა გააოგნა, თუმცა ეს სკანდალური ამბავი უცხო არ ყოფილა სასულიერო პირების ერთ ნაწილისთვის. მამა ანდრია სარია ამტკიცებს, რომ არის შემთხვევები, როდესაც წამალს მღვდლები პირდაპირ საკურთხევლიდან ყიდიან.
ნარკოტიკების სკანდალმა ეკლესიაში დღეს საქართველოს საპატრიარქო ახალ სკანდალში გახვია. მღვდლების ერთმა ნაწილმა ყველა იმ სასულიერო პირების სავალდებულო ნარკოშემოწმება მოითხოვა, ვინც საქართველოს საპატრიარქოში ირიცხება.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მღვდელი ამ საქმეში მარტო არ ყოფილა. პოლიციამ მასთან ერთად აიყვანა რომან მალანია. ის დაკავებულის ბავშვობის მეგობარია. გამოძიებით დგინდება, რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს ერთად ყიდდნენ. გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, საიდან შემოჰქონდა მეტადონი სასულიერო პირს. ერთ-ერთი ვერსიით, ნარკოტიკი ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯერ მღვდელთან ხვდებოდა შემდეგ კი შავ ბაზარზე გადიოდა.
მღვდელთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას სასამართლომ 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, სასულიერო პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ იმსჯელებს.