ქართველი ასტროფიზიკოსი: ჩვენ ილონ მასკის უცხოპლანეტელი ვერსია უნდა ვეძებოთ

გამოქვეყნდა:

SpaceX „სტარლინკის“ უფრო და უფრო მეტ თანამგზავრს უშვებს. ეს შესაძლოა უცხო ცივილიზაციების მაძებარი უცხოპლანეტელებისათვის  სინათლის შუქურა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „სტარლინკი“ ილონ მასკის მიერ შექმნილია, რომლის ფარგლებშიც მისივე კომპანია SpaceX პერიოდულად დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრებს უშვებს. ილონ მასკს სურს, რომ თანამგზავრული ინტერნეტი დედამიწის ყველა რეგიონში გახდეს ხელმისაწვდომი და მისივე თქმით, ის ძვირი სულაც არ ეღირება. 2021 წლის 14 მაისის მონაცემებით, დაახლოებით 1300 თანამგზავრი უკვე გაშვებულია დედამიწის ორბიტაზე.

„სტარლინკის“ თანამგზავრები დედამიწის ორბიტაზე

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ოსმანოვის აზრით, უცხო სიცოცხლის ძიება თუ გვინდა, თანამგზავრების თანავარსკვლავედების ძიებაზე უნდა ვფოკუსირდეთ. ოსმანოვის თქმით, ამ მეგასტრუქტურების დასაფიქსირებელი ტექნოლოგიები უკვე გვაქვს და უცხო პლანეტაზე მცხოვრები ილონ მასკის მსგავსი არსების მიერ აგებულ ასეთ თანამგზავრულ თანავარსკვლავედებზე ნადირობა უცხო სიცოცხლეს უფრო მალე აღმოგვაჩენინებს.

ზაზა ოსმანოვის კვლევა პოპულარული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამშუქებელი არაერთი გამოცემის ყურადღების ქვეშ მოხდა. ქართველ პროფესორზე Futurism, Universe Today და სხვები წერენ.

ქართველი ასტროფიზიკოსი აცხადებს, რომ კოსმოსში მეგასტრუქტურების (იქნება ეს დიდი კონსტრუქციები თუ თანამგზავრთა თანავარსკვლავედები) აშენების ან უკვე აშენებულის მუშაობის პროცესისას სითბო გამოიყოფა, რომელსაც ჩილეში მდებარე Very Large Telescope (ძალიან დიდი ტელესკოპი) დააფიქსირებს.

მისი თქმით, VLT-ს ასეთი სტრუქტურის დაფიქსირება 280 სინათლის წლის რადიუსში შეუძლია. ამ რადიუსში კი, მზის მსგავსი 1000 ვარსკვლავი უნდა იყოს, რომელთა გარშემოც, თეორიულად, სიცოცხლისთვის შესაფერისი ეგზოპლანეტები უნდა ბრუნავდეს.

ოსმანოვი პირველი არ არის, ვინც უცხოების პოვნა მათი ტექნოლოგიების ძიებით მოიფიქრა. თუმცა, მცდელობათა უმეტესობა იმ თეორიულ უცხო ცივილიზაციებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულები არიან.

თუმცა, ქართველი პროფესორის იდეა იმითია უნიკალური, რომ ის არ კონცენტრირდება ჰიპერ-განვითარებულ ცივილიზაციებზე, არამედ ჩვენნაირი განვითარების მქონე უცხოების ძიებას გვთავაზობს. ლოგიკურია, რომ ასეთი ცივილიზაციის ამოცნობისა და დაფიქსირების უფრო მეტი შანსი გვექნება, ვიდრე ჩვენზე იმაზე მეტად განვითარებულების, რომელთაც მთელი გალაქტიკა აქვთ ათვისებული.

ზაზა ოსმანოვის კვლევის პრეპრინტი შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე ნახოთ აქ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი