18 თვიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლომ რუსთავი 2- ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვა დაიწყო.
მოსარჩელეების ადვოკატმა დღეს პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. ტელეკომპანიის დამფუძნებლები პროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას და მოწმეთა გამოკითხვას მოითხოვენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ამბობს რომ საქმე წლიწადნახევარი მიზანმიმართულად გაიწელა, მაშინ როდესაც იგივე სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა საკმაოდ მოკლე ხანში მოახერხა.
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები კვლავ მოითხოვენ ტელეკომპანიის წილების დაყადაღებას და ამბობენ რომ ჰოლდინგის შექმნის შემდეგ, ტელეკომპანიის აქციების დიდი ნაწილის "პრაიმტაიმისთვის" გადაცემა ქიბარ ხალვაშის მიერ ქონების მიზანმიმართულად გადამალვას ემსახურება.
მას შემდეგ რაც რუსთავი 2 და პრაიმტაიმი მედიაჰოლდინგში გაერთიანდნენ, ტელეკომპანიის ქონებიდან რ2 საკუთრებაში მხოლოდ აქციების 10% დარჩა.
"პრაიმტაიმისთვის" წილების გადაცემას ფინანსური კრიზისით ხსნის ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალია ამტკიცებს რომ წილების გადაცემა დროებითია და ამ გზით კომპანიის კრიზისიდან გამოყვანა მოხერხდა. მოსარჩელის შუამდგომლობაზე კი აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი რუსთავი2 ის დაბადების დღეზე, 1 ივნისს გაიმართება. სავარაუდოდ გასაჯაროვდება პროკურატურიდან გამოთხოვილი საქმის მასალები, ამის შემდეგ კი უკვე მოწმეთა გამოკითხვა დაიწყება.