პოლიციის ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი - 26 წლის ახალგაზრდა ლაგოდეხში სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს.
სიტყვიერი დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. ლაგოდეხში პოლიციამ 26 წლის ახალგაზრდა სცემა. ტატო შეითნიშვილს დაზიანებები სახის და ზურგის არეში ამ დრომდე ეტყობა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციამ ბიჭი ინციდენტის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა და პოლიციის მანქანაში ჩასვა.
26 წლის ტატო შეითნიშვილსა და პოლიციას შორის ჩხუბი ღამის საათებში მოხდა. ახალგაზრდა კლინიკიდან სახლში ბრუნდებოდა, ის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მოსანახულებლად იყო მისული, დაზარალებული ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასასხმელად შევიდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი სიმთვრალეზე გადამოწმება მოისურვეს, კამათი სწორედ ამას მოჰყვა. შეითნიშვილმა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რასაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა მოჰყვა.
მომხდარიდან მესამე დღე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ამ დრომდე უცნობია, დაიკითხნენ თუ არა მოძალადე სამართალდამცველები. დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტატო შეითნიშვილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სახლშია და სიარული უჭირს. შეითნიშვილის მშობლები ადასტურებენ, რომ მათი შვილი პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.
ფაქტს, რომ პოლიციელებმა ახალგაზრდაზე ნამდვილად იძალადეს, ადასტურებენ პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში. ინციდენტზე უკვე გამოკითხულები არიან თანამშრომლები.
რატომ არ აკავებს სავარაუდო მოძალადე პოლიციელს გამოძიება, ამ დრომდე უცნობია.დღეს „მთავარი არხის“ კამერასთან ადგილობრივები ყვებიან, რომ რეგიონში საპატრულო პოლიციის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის, რის გამოც პოლიციის ნდობის მაჩვენებელი მცირდება.
ინციდენტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში 2 დეკემბერს მოხდა. გამოძიება მეორე დღესვე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ახალგაზრდაზე მოძალადე სამართალდამცავი დაკავებული არ არის. ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთანავე ნაცემი ახალგაზრდა სარჩელის შეტანას გეგმავს.