დაყადაღებული ქონება და 30 მილიონიანი დავალიანება - რუსთავი 2-ის დამფუძნებლები "ქონების გადამალვაზე" საუბრობენ

გამოქვეყნდა:

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავ ქონებას დღეს, 18 მაისს ყადაღა დაადო.

დამფუძნებლები ამბობენ, რომ დავის მოგების შემთხვევაშიც მათ კომპანიის ბალანსზე არსებული პასივები და ვალდებულებები რჩებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მილიონობით ლარის დავალიანების გადახდა მოუწევთ, შემოსავლები და აქტივები კი ჰოლდინგს დარჩება. 

"მთელი ჩვენი სასამართლო პროცესები, რაც კი ეხლა მიმდინარეობს, მათ შორის წილების დაბრუნების საკითხზე და ყველა ეს სარჩელი, დამატებითი და პარალელური ყველაფერი არის დაფუძნებული და იმეორებს ზუსტად იგივეს რაც თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა მოითხოვა 2015 წელს. 

წელიწად-ნახევარი გავიდა რაც ჩვენ სარჩელი შევიტანეთ და პირველის სხდომა ჩატარდა 14 მაისს, როგორც იქნა. უტყუარი მტკიცებულებები დავდეთ, რომ რუსთავი 2-ის მფლობელი და მენეჯმენტი აპირებენ ამ ქონების გადატანას სხვა ე.წ. ჰოლდინგში, რომელშიც სულ რაღაც 10% ექნება რუსთავი 2-ს, ფაქტიურად ეს იყო ქონების გადამალვა, რომ მოგების შემთხვევაში ის წილი უკვე აღარაფრით ყოფილიყო უზრუნველყოფილი", - თქვა დავით დვალმა. 

ადვოკატ კახა კოჟორიძის განცხადებით, "რუსთავი 2-ს" დღეს ბიუჯეტის 30 მილიონიანი დავალიანება აქვს, კომპანია პასივებს ახალ ჰოლდინგს არ გადასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავის მოგების შემთხვევაში ვალის გადახდა სწორედ დვალი-აქიმიძეს მოუწევთ:

"ეს ვერ გაიყიდება ამ საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენად და ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მოცემულობა არ დადგეს", - თქვა ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ. 

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია არ უარყოფს, რომ კომპანია დიდი რაოდენობით დავალიანება აქვს, თუმცა არ ეთანხმება შეფასებას, რომ ადგილი აქვს ქონების გადამალვას.

"ქონების გადამალვის მცდელობა რომ ყოფილიყო და ქონება გადამალული რომ ყოფილიყო დღეს ყადაღა ვერ დაედებოდა. კომპანიას დაუგროვდა ძალიან დიდი დავალიანება დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე, ჰოლდინგში გაერთიანება ისახავს ერთადერთ მიზანს, კომპანია, სამაუწყებლო არხი გაძლიერდეს", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" და "პრაიმტაიმი" მედიაჰოლდინგში გაერთიანდნენ, ტელეკომპანიის ქონებიდან რ2 საკუთრებაში მხოლოდ აქციების 10% დარჩა. 

საქმეზე საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი "რუსთავი2" ის დაბადების დღეზე, 1 ივნისს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი