ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისის ცენტრში. თვითმხილველების თქმით, გვიან ღამით, კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს სამართალდამცველები და ბოშები დაუპირისპირდნენ. რა გახდა დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის რეგულაციების დარღვევას მოჰყვა.
ადგილზე მყოფების განცხადებით, პოლიციამ ადამიანები ჯერ სცემა, შემდეგ კი არაჰუმანური მეთოდებით დააკავა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ბოშას პირბადე არ ეკეთა.
"ინციდენტს შევესწარი, პატრულის ეკიპაჟი აკავებდა რამდენიმე ადამიანს, იყო საშინელი დაპირისპირება, პოლიციამ ძალას გადაამეტა, არ განუმარტა იქ მყოფ ადამიანს თუ რის საფუძველზე აკავებდა მათ", - ამბობს თვითმხილველი.
კიდევ ერთი თვითმხილველი ვარაუდობს, რომ დაპირისპირება გაუგებრობის გამო დაიწყო რასაც დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება და საპატრულოს უფროსის ადგილზე მისვლა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კამათში პოლიცია არ მონაწილეობდა და სამართალდამცავებმა ის ორი პირი დააკავეს, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ.