საქართველოში ყახაზური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა | ასელ აიტპაევას საქმე

გამოქვეყნდა:

26 წლის ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეზე ყაზახეთიდან გამომძიებლები საქართველოში ჩამოვიდნენ. ასელ აიტპაევას ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ისინი ქართულ მხარესთან საქმის მასალებს გაეცნობიან და ინფორმაციას გაცვლიან.

გარდაცვლილი გოგოს დედის ადვოკატის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთში გამოძიება ტრეფიკინგის კუთხით მიმდინარეობს, ყაზახურ მხარეს, შესაძლოა უფრო მეტი მტკიცებულებები ჰქონდეს.

"ჩემი ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი გუშინ გამოფრინდა და დღეს უკვე საქართველოში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათი საქართველოში ყოფნა და ქართველ სამართალდამცველებთან ერთად მათი მონაწილება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ რადგან ყაზახეთში საქმე ტრეფიკინგის ბრალდებით წავიდა, თავისთავად ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მტკიცებულება აქვს ამ კუთხით ყაზახეთს და გარკვეულ წილად, ქართულ მხარეს დაეხმარება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს. გაცვლიან ინფორმაციებს და ალბათ უფრო სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება",-თქვა ნინო ანდრიაშვილმა.

რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, გარდაცვლილის გოგოს დედა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, მურად მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს

ყაზახეთის სასამართლომ მეირბეკოვს 10-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება მას ტრეფიკინგს ედავება. მურად მეირბეკოვს  დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული საქართველოშიც. პროკურატურა მას 26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურების ორ ეპიზოდში ადანაშაულებს.

თავად მეირბეკოვი არცერთი მხარის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ასელ აიტპაევას საქმე

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი