საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს საქმის გამოძიებაში ყაზახი სამართალდამცავები ერთვებიან. თბილისში უკვე ჩამოსულია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს. 

მანამდე ყაზახეთის სასამართლომ საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, მურად მეირბეკოვს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება მას ტრეფიკინგს ედავება. 

"მეირბეკოვის წინააღმდეგ კიდევ ერთი ჩვენება მივეცი, სამართალდამცავებს კიდევ ერთხელ ვუთხარი თუ როგორ მოატყუა ჩემი შვილი, ჩაიყვანა საქართველოში და გააუპატიურა. სასამართლომ მურადს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, როგორც ვიცი ყაზახური მხარე ამ დროისთვის ადამიანებით ვაჭრობას ედავება. 

ჩემი ოჯახის პოზიცია უცვლელია, ვითხოვ, რომ ქართულმა მხარემ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადაცემა მოითხოვოს და გაუპატიურებისა და მკვლელობის მუხლებით გაასამართლოს", - ამბობს გარდაცვლილის დედა, აისუ აიტპაევა.

მურად მეირბეკოვს  დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული საქართველოშიც. პროკურატურა მას 26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურების ორ ეპიზოდში ადანაშაულებს. მისი ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მტკიცებულება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით არ არსებობს და თუ ყაზახეთში ის ტრეფიკინგის ბრალდებით გამტყუნდება, ეს არ ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული საქართველოშიც ჩაიდინა. 

მეირბეკოვი არცერთი მხარის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ასელ აიტპაევას საქმე

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი