რუსთავში კომენდანტის საათის დროს რამდენიმე არასრულწლოვანმა "ბიუ- ბიუს" 4 ობიექტი გაქურდა. ჯიხურებიდან 3 ათას ლარზე მეტია წაღებული. რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში რამდენიმე საათი ჯგუფური დანაშაული ხდებოდა, თუმცა პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.
რუსთავის გარდა, იგივე კომპანიის მაღაზია თბილისშიც გაქურდეს. გამთენიისას, დელისის მეტროს მიმდებარედ "ბიუ-ბიუს" კარი ორმა პირმა შეამტვრია და სალაროდან ამ დრომდე დაუდგენელი თანხა მოიპარა.
გამყიდველი "მთავარ არხს" უყვება, რომ ბოლო ერთი თვის განმვალობაში ეს ქურდობის მეორე ფაქტია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა, თუმცა შსს-ს არავინ დაუკავებია.
ქუთაისში სამიზნე ამჯერად "საქართველოს ბანკი" გახდა. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 43 წლის მამაკაცი კომენდანტის საათის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხა და შენობის შუშები ჩალეწა, 15-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კი დაამტვრია. თანხის წაღება ვერ მოახერხა.