საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საარჩევნო კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროექტზე მეტი საუბარი ვენეციის კომისიიდან მოსული პასუხების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ჰარცელმა აღნიშნა, რომ კარგი ნიშანია, როდესაც ცვლილებებზე ყველა მხარე ერთნაირად მუშაობდა.
"საარჩევნო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით ახლა პასუხის გაცემა ნაადრევია, ვიცი, რომ ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა პროექტი და მეც თქვენსავით ველოდები მათ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, თუმცა მიმაჩნია, რომ კარგი ნიშანია როდესაც ამ პროექტზე ყველა მხარე ერთნაირად მუშაობდა, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერნი. ეს უკვე არის ძლიერი სიგნალი, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. დანარჩენზე საუბარი ვენეციის კომისიიდან მოსული პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი", - თქვა კარლ ჰარცელმა.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტი ვენეციის კომისიას გუშინ, 20 მაისს გაეგზავნა.