დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია ისეთი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ დაინფიცირდა.
"300-ზე მეტია შემთხვევა, ზუსტი მონაცემების კიდევ დამუშავება მიმდინარეობს და გამოქვეყნდება, 300-ზე მეტი ადამიანი არის ისეთი უკვე საქართველოში, ვინც პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, პირველი დოზა მოგეხსენებათ არ იცავს ისე, რომ არ დაინფიცირდეს ადამიანი, თან ზოგიერთი მე-2, მე-3, მე-4 დღეს დაინფიცირდა, ანუ ისინი უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვენენ, როცა აიცრნენ, მინდა ვთქვა, რომ მათიც ძალიან იოლად წავიდა დაავადება", - თქვა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ, ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების ნაწილი პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მეორე დოზის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებებში აღარ მიდის. მის ინფორმაციით, "ფაიზერის" პირველი დოზით საქართველოში 13 991 პირი აიცრა, მეორე დოზით კი -13 539.