ბათუმში პირი ყალბ სანომრე ნიშნებს ასაღებდა - ამოღებულია 23 "ფასიანი ნიშანი"

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. ბრალდებული ბათუმში 7 თვის განმავლობაში მანქანის ყალბ სანომრე ნიშნებს ყიდდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა ქ. ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები", - წერია უწყების განცხადებაში.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 23 ერთეული ავტომანქანის სარეგისტრაციო ყალბი ე.წ. "ფასიანი" სანომრე ნიშანი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი