გუმათის ხეობაში რიონის ხეობის მცველ მაკა სულაძესა და ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებს გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა. მაკა სულაძემ გურამ ფალავანდიშვილს უთხრა, რომ აქციაზე მათი ჩარევა საჭირო არ იყო.
"არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. მე როცა ჩემ გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს მე მაქვს უფლება იმ სტუმარს მივუთითო, შენ დაჯდები თუ არა აქ და რატომ არ დაჯდები",- თქვა სულაძემ.
გურამ ფალავანდიშვილმა კი უპასუხა, რომ თუკი პირს LGBTQ თემის სამკლაური უკეთია და "აქციის მონაწილეებს ის არ გაჰყავთ, მაშინ მას ხალხი გაიყვანს".
"თქვენ დამაცადეთ მე ის სამკლაური შემემჩნია თუ არა?! რა დროს სამკლაურზე საუბარია? სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან, თქვენ კიდე დასდევთ ლგბტ-ებს",-უპასუხა მაკა სულაძემ.
24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილი სამოქალაქო აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა. დაპირისპირება LGBTQ თემის სამკლაურის გამო მოხდა. ბარკერი ამბობს, რომ გურამ ფალავანდიშვილის შვილი "მკლავზე ჩააფრინდა" და LGBTQ სამკლაურის მოხსნა მოსთხოვა, იგივე სცადა აქციის სხვა მონაწილემაც. გარდა ამისა, მისი თქმით, აქციის სხვა მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო.