ხელისუფლების უმოქმედობა კლანის მხარდაჭერის დემონსტირებაა - NGO-ები

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლის არჩევას ეხმაურებიან. წერენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. 

"მიგვაჩნია, რომ წარსული რეფორმების სისტემური გადაფასების და საფუძვლიანი ცვლილებების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის მისი მიზნების მიღწევას", - წერია განცხადებაში.

NGO-ების განცხადებით, ხელისუფლების უმოქმედობა და რეალური პასუხისმგებლობისგან გაქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივას.

"დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ფასადური რეფორმებით საერთაშორისო პარტნიორები და ქართული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას სასამართლოს სიტემის რეფორმირების სურვილი აქვს. ამავდროულად, ხელისუფლება არ აღიარებს სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას -  მოსამართლეთა კლანის არსებობას. მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში, უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება და შემდგომი სასამართლო რეფორმები სწორედ ამ გამოწვევების გააზრებით უნდა განახორციელოს", - წერია განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და, ამ მიზნით, უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი;
  • საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ყველა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  1. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  5. ღია საზოგადოების ფონდი
  6. უფლებების საქართველო
  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  8. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი