
დღეს საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული აქტივისტის, გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება. სხდომაზე სამართალდამცველების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, გამოიკითხებიან მოწმეებიც.
მუმლაძეს პოლიცია წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. იგი სხვა აქტივისტებთან ერთად 14 აპრილს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
"მათი პოზიცია არის ის, რომ თითქოს ჩემი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი, სინამდვილეში ასე არ იყო. მე სრულიად უკანონოდ მაკავებდნენ, ამის დამადასტურებელი მასალები გვაქვს.
პლუს ის, რომ თავის დახსნის მიზნით გავითავისუფლე თავი და არანაირად პოლიციელის დაზიანების მიზანი არ მქონია. იმ მომენტში სუნთქვის უკმარისობა მქონდა და თავის დახსნის მიზნით ხელზე ვუკბინე პოლიციელს. ასევე არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტებს, რომელსაც შეესწრნენ იქ ყოფნის დროს",- ამბობს გიორგი მუმლაძემ.
დღეს პროცესის პარალელურად სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები მუმლაძის მხარდამჭერ აქციას გამართავენ და მოითხოვენ შეწყდეს აქტივისტების პოლიტიკური დევნა.
14 აპრილს "ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის დაწესებული ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.