"ლაპარაკი იყო ტელევიზიებზე, ჟურნალისტებზე, ჩემზე..." - სანაიაზე თავდასხმის საქმის განხილვა სასამართლოში

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან ჟურნალისტის მეუღლე, ბავშვის ძიძა და ოჯახის მეგობარი. სწორედ ამ ადამიანების და მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ გაუსწორდა 3 თავდამსხმელი ვახო სანაიას. 

ვახო სანაია მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ამას მისი, როგორც ჟურნალისტის მისამართით მუქარა ადასტურებს.

"სამივე მათგანი იმ ღამით ადგილზე იმყოფებოდა და რაც ნახეს ამას აღწერენ, დეტალურად უპასუხებენ ყველა კითხვას. იმ სიტყვებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ამბობდნენ, უშუალოდ თავდასხმამდე, თავდასხმის დროს, თავდასხმის შემდეგ, როდესაც ლაპარაკი იყო ტელევიზიებზე, ჟურნალისტებზე, ჩემზე კონკრეტულად, როგორც ჟურნალისტზე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით და მუქარა ასევე, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა",-თქვა ვახო სანაიამ.

საპირისპიროს ამტკიცებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი. მისი თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა, თუმცა ის ვახო სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება.

"ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია, აქ დავა არ არის იმაზე კონფლიქტი იყო თუ არ იყო. კონფლიქტი, რა თქმა უნდა იყო, ფიზიკური დაპირისპირებაც ყო. მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, ეს იყო როგორც პროფესიული დევნა, ვახო სანაიას მიმართ, როგორც ჟურნალისტის, თუ ეს იყო ორ ადამიანს შორის რაღაცის გამო წარმოშობილი კონფლიქტი, რომელიც, როგორც თვითონ ვახო სანაიამ განაცხადა, სულ 10 წამი გრძელდებოდა და ამ 10 წამიდან 3-4 წამის მერე მოვიდა ის დანარჩენი ორი ადამიანი, რომლსაც ბრალი ედება, ამ თითქოსდა პროფესიულ დევნაში",-თქვა ადვოკატმა.

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი