გალაპაგოსზე აღმოაჩინეს გიგანტური კუ, რომელიც 100 წლის გადაშენებული ეგონათ

გამოქვეყნდა:

მეცნიერებმა გიგანტური მდედრი კუ გალაპაგოსის ფერნანდინას კუნძულზე ერთობლივი ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილ ინდივიდს „ფერნანდა“ შეარქვეს. ამ კუზე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ გადაშენდა.

მკვლევართა გუნდი დარწმუნებული იყო, რომ მარტოსული კუ კუნძულის ადგილობრივი მკვიდრი, „დაკარგული“ ფერნანდინას გიგანტური კუ (Chelonoidis phantasticus) იყო, რომელიც ფერნანდინას ვულკანის ამოფრქვევის გამო ჯერ კიდევ 112 წლის წინ გადაშენდა. თუმცა, ამ მოსაზრების დასადასტურებლად, მათ სისხლის ნიმუშები გენეტიკოსებს იელის უნივერსიტეტში გაუგზავნეს.

იელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ კუს გენი ამავე სახეობის ერთადერთ ინდივიდის გენებს შეადარეს. მამრი C phantasticus 1906 წელს აღმოაჩინეს. იელის გუნდმა დაადასტურა, რომ ამ ორ ინდივიდს ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, ფერნანდა იგივე სახეობა იყო.

გალაპაგოსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ფერნანდინას კუნძულის გიგანტური კუ იყო. ეს დაკარგული სახეობა ზუსტად იმ დროს აღმოვაჩინეთ, როდესაც ამ სახეობის გადარჩენა შესაძლებელი ხდება. ახლა სასწრაფოდ უნდა გადავქექოთ კუნძული, რომ სხვა ინდივიდებიც ვიპოვოთ. - ამბობს ჯეიმს გიბსი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ექსპერტი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ფერნანდას არ დაემართება ის, რაც დაემართა „მარტოსულ ჯორჯს“ - კუ, რომელიც სხვა სახეობის, პინტას კუნძულის კუებს (C. abingdoni) ეკუთვნოდა. ის 2012 წლის ივნისში 100 წლის ასაკში მოკვდა, რის გამოც ხსენებული სახეობა გადაშენდა, მიუხედავად შეჯვარების მცდელობებისა.

ჩვენ სასოწარკვეთილი სურვილია, რომ [ფერნანდამ] მარტოსული ჯორჯის ბედი არ გაიზიაროს. სექტემბერში, ჩემი გუნდი სხვა ინდივიდების საძიებლად ფერნანდინას კუნძულზე დიდი ექსპედიციების სერიას გეგმავს. - ამბობს დენი რუედა კორდოვა, გალაპაგოსის ეროვნული პარკის დირექტორი.

მეცნიერებმა სულ მცირე ორი სხვა კუს კვალი აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა ფერნანდას სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. თუ ისინი ამავე სახეობის მამრ კუს იპოვიან, მას  გალაპაგოსის ეროვნული პარკის გიგანტური კუების შეჯვარების ცენტრში ფერნანდასთან ერთად მიიყვანენ და მათ შეჯვარებას შეეცდებიან. თუ ეს წარმატებით მოხერხდება, კონსერვაციონისტები ახალშობილ კუს იმავე ადგილზე გაზრდიან და შემდეგ ფერნანდინასთან გაუშვებენ.

მეცხრამეტე საუკუეში, გალაპაგოსის კუნძულებზე გიგანტური კუების რაოდენობა ვეშაპებზე მონადირეებისა და მეკობრეების გამო საგრძნობლად შემცირდა. ახლა კი, ყველა სახეობის გიგანტური კუს საერთო რაოდენობა დაახლოებით 200 000-300 000 ინდივიდს ითვლის, რაც ისტოირული რაოდენობის 10-15 პროცენტია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი