ქართული ოცნება ცდილობს ოპოზიციის ლიდერები და ოპოზიციონერები დიდი ხნით გამოკეტოს ციხეში. ერთერთი პოლიტპატიმარი, რომლის გათავისუფლებაზეც ქართული ოცნების გუნდი ღიად ამბობს უარს, მთავარი არხის ერთერთი დამფუძნებელი გიორგი რურუაა.
დღეს პროკურატურა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვას ცდილობდა, თუმცა დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მოწმის დაკითხვა მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს, როდესაც პროცესი სასამართლო დარბაზში გადაინაცვლებს, რადგან ადვოკატის თქმით დისტანციურ რეჟიმში მოწმეების დაკითხვით ბრალდებულის უფლებები ირღვევა.
ეს მოწმე არის ბექა მახარაძე, პოლიციელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი რურუას ჩხრეკაში. წინა სასამართლო პროცესზე შედგა გარკვეული შეთანხმება, რომ ამ მოწმის დაკითხვა გადაიდებოდა, მაგრამ პროკურორმა დღეს მაინც მახარაძის დაკითხვა მოითხოვა.
პროკურატურა ცდილობს ისარგებლოს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით, გამოიყენოს სათავისოდ და არ მოგვცეს საშუალება საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმეები დავკითხოთ დარბაზში, რათა არ მოხდეს მათ მხრიდან ურთიერთწინააღმდეგობრივი და გამომრიცხავი ჩვენებების მიცემა, - ამბობს რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და ბექა მახარაძის და მასთან ერთად მეორე მნიშველოვანი მოწმის, რომელიც ასევე უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი რურუას ჩხრეკის პროცესში, დაკითხვა გადაიდო იმ დროისთვის, როდესაც სასამართლო პროცესი დარბაზში გადაინაცვლებს.