თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში 13 წლის მოზარდი თანასკოლელმა საწერ კალამში ჩამონტაჟებული დანით დაჭრა. შემთხვევა შესვენების დროს მოხდა. მე-8 კლასის მოსწავლეს ჭრილობები გულ- მკერდისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრას წინ უძღვოდა ჩხუბი მოზარდებს შორის, რომელსაც უამრავი თვითმხილველი ჰყავს.
"მთავარ არხს" სანდო წყარო უყვება, რომ საწერ კალმებში ჩამონტაჟებული დანები თავისუფლად იყიდება და ყველა მოზარდისთვის ხელმისაწვდომია.
სკოლაში მომხდარ დანაშაულს შსს მთელი დღის განმავლობაში მალავდა. სამართალდამცველებმა საკლასო ოთახებში რეკა ჩაატარეს, თუმცა უცნობია რა იპოვეს რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 წლის მოზარდმა თანასკოლელი საწერი კალმით დაჭრა და დაპირისპირება დიდი შესვენების დროს მოხდა.
116 - ე სკოლის ყოფილი პედაგოგი დავით ფერაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის ქურთუკი სადაც დანით მიყენებული ჭრილობის კვალი იყო, გაანადგურეს და ამით სცადეს მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ამბავი არ გახმაურებულიყო. ფერაძე ამტკიცებს, რომ დირექტორი განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით არასრულწლოვანზე და მის მშობლებზე ზეწოლას ახდენს.
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში აცხადებენ, რომ 116-ე სკოლაში ძალადობა, დაშინება, მშობლებზე და ბავშვებზე ზეწოლა ხშირად ხდება. სკოლის დირექტორი ნანა ღაჭავა კი მანდატურის სამსახურისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სარგებლობს. ცენტრი განცხადებასაც ავრცელებს, სადაც იმ პირებს ასახელებს, ვინც ღაჭავას მფარველობს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების მუხლით დაიწყო, თუმცა სავარაუდო დამნაშავე, 14 წლის მოზარდი გამოკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს. დაჭრილის ოჯახში კი მომხდარზე საუბარი არ სურთ.