კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებისას გორში მოკლული 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. მოკლულის ცხედარი პროზექტურიდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. ოჯახის წევრები და ნათესავები მკვლელობის მოტივებზე ამ დრომდე არ საუბრობენ.
საქმეზე სავარაუდო ბრალდებულ შალვა გულიაშვილს იგივე "სემსოტას" შსს ამ დრომდე ეძებს. გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.
შალვა გულიაშვილმა 2006 წელს პოლიციელის ავტომანქანა გაიტაცა და დააპატიმრეს, შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გაქცევა შეძლო და ცხინვალში იმალებოდა. მოგვიანებით, გულიაშვილი სპეცოპერაციის შედეგად გადმოიყვანეს ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ციხეში 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ არის გამოსული.
ცნობისთვის, ვერხვების დასახლებაში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს, ავტომობილების სახელოსნოსთან მოხდა. შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ტყვიის მასრები. ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.