შეიარაღებული თავდასხმა სამხედრო მოსამსახურეზე - 30 წლის ჯარისკაცი, დიმიტრი ბუცხრიკიძე, ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. უცნობმა პირმა მას ავტომობილიდან ესროლა და მიიმალა. მძიმედ დაჭრილმა სამხედრომ დახმარება ადგილობრივებს სთხოვა. დაჭრილის ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, ვინ ან რატომ ესროლა ბუცხრიკიძეს. ყვებიან, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.
თვითმხილველები იხსენებენ, რომ ვიდრე დაჭრილი გონებას დაკარგავდა, ტელეფონზე დარეკვა და დამნაშავის ვინაობის გამხელა მოასწრო. ვის დაურეკა და ვინაა დამნაშავე, ამაზე ინფორმაცია ადგილობრივებს არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ რომ დამნაშავეც სამხედრო პირი იყოს.
მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ბუცხრიკიძეს კიდური შეუნარჩუნდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას რენიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოსთან, მთელი დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. მესამე ქვეით ბრიგადაში მომხდარზე არ საუბრობენ, ამბობენ რომ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
თავდაცვის სამინისტროში, მომხდარზე არაფერს ამბობენ და არც ოფიციალური განცხადება გაუვრცელებიათ.
30 წლის ჯარისკაცის დაჭრაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.