"სემსოტას" მალვის ახალი ისტორია დაიწყო. 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის, იგივე "ტრუტის" მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ვახტანგ გომელაურის უწყება მისი ადგილსამყოფელის დადგენას ჯერ ისევ ვერ ახერხებს.
"მთავარმა არხმა" შეძლო საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის ვინაობის დადგენა. მამაკაცის, რომლის დაწერილ კომენტარსაც გორში, სისხლიანი ანგარიშწორება მოჰყვა. ეს გახლავთ ვახტანგ ზერეკიძე, იგივე "ზერე", რომელის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა უკვე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ამ დროისთვის, უცნობია სად იმყოფება თავად ზერეკიძე.
"მთავარის" ინფორმაციით, ვახტანგ ზერეკიძე სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეს სწორედ შალვა გულიაშვილთან იგივე "სემსოტასთან" ერთად იმყოფებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, შალვა გულიაშვილი იგივე "სემსოტა" ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადავიდა და იქ იმალება. სამართალდამცველები ამ ვერსიას არ ადასტურებს. ასევე არ განმარტავს აქვთ თუ არა ინფორმაცია, სადაა "სემსოტა".
შალვა გულიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მტკიცებულებებს აგროვებს და "სემსოტას" ჯერ ბრალდებულის სტატუსი არ აქვს. მისივე თქმით, სავარაუდო დამნაშავე, ოჯახს არ ეკონტაქტება.
არსებული ინფორმაციით, შალვა გულიაშვილმა 2006 წელს პოლიციელის ავტომანქანა გაიტაცა და დააპატიმრეს, შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გაქცევა შეძლო და ცხინვალში იმალებოდა. მოგვიანებით, გულიაშვილი სპეცოპერაციის შედეგად გადმოიყვანეს ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ციხეში 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ არის გამოსული.
ცნობისთვის, ვერხვების დასახლებაში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს, ავტომობილების სახელოსნოსთან მოხდა. შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ტყვიის მასრები. ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.