განცხადებები, რომლითაც მეუფე სპირიდონმა თავი დაგვამახსოვრა

გამოქვეყნდა:

სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამორჩეული სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი და დღეისათვის მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი მთავარი "შემოქმედია".

სწორედ მისი პირადი ბრძანების საფუძველზე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სახალხო დამცველი ბავშვთა თავშესაფარში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ცნობილია, რომ პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე არაერთი საქმეა აღძრული.

"მთავარი არხის" ვებგვერდი შეეცადა მოეძია მეუფე სპირიდონის ყველაზე სკანდალური  და გახმაურებული განცხადებები თუ გამონათქვამები, რომელიც მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკითხზე გააკეთა.

გთავაზობთ სხალთელი ეპისკოპოსის ჰომოფობიურ, ანტივაქსერულ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს:

2015 წლის 21 მარტი: მეუფე სპირიდონი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს: "ვილოცოთ, რომ რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი გაერთიანდეს". 

2016 წლის 17 მარტი: სხალთელი მიტროპოლიტი მაშინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს "ბარდელის " მენეჯერს უწოდებს: 

"...მე ძალიან მდიდარი სექსი მქონდაო, მაქვს და მექნებაო. არაფრით არ არის ეს სახელმწიფოს მეთაურის ლაპარაკი. როგორ შეიძლება, ეს შეადარო დავით აღმაშენებლის, ჩვენი მამულიშვილების ლაპარაკს? ეს არის საროსკიპოს ანუ ბარდელის მენეჯერის, სუტენიორის ლაპარაკი და მისი ტერმინოლოგია. ასეთ საშინელ და უბედურ დღეში ვართ ჩვენ - ასეთ ადამიანებს დღეს სახელმწიფოში თანამდებობები უჭირავთ. თუ ჩვენ, სამღვდელოება ხმას არ ამოვიღებთ და არ დავგმობთ ამ საშინელებას, პირველ რიგში, ჩვენ მოგვკითხავს უფალი. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, რომ არ მოუსმინონ ასეთ სიბილწეს".

2016 წლის 29 სექტემბერი: მეუფე სპირიდონი რომის პაპის შესახებ:

"რომის პაპი იძახის, ჩამოვდივარო მეო, მისიონერული მიზნით საქართველოშიო. რა მისიონერული მიზნით უნდა ჩამოვიდეს რომის პაპი საქართველოში, ეს უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რომში გაგონილიც არ ჰქონდათ ქრისტიანობა, როცა საქართველოში ანდრია მოციქული თავის ხელით აშენებდა აქ ტაძარს, კონკრეტულად, დიდაჭარაში. როცა საქართველოში სამი მოციქული იყო შემოსული. ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა. პირველი საუკუნის 38 წელს. გაგონილიც არ ჰქონდათ რომში ქრისტიანობა".

2017 წლის 27 ოქტომბერი: სხალთის ეპისკოპოსი ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ LGBTQ სამკლავურის გაკეთებაზე:

"ამასწინათ გამოვიდა კაცო, კაცი, ავირჩიეთ თბილისის მერად მთელმა საქართველომ დიდი სიხარულით, გამოვიდა და ესეთი რამე თქვა, რომ - ვიღაც კაშია, ფეხბურთელი, საწყალი, თავის თავის უბედური, ავადმყოფი ეტყობა, გაიკეთა ეს პიდარასტების დროშა მკლავზე და განაცხადა, რომ, მეო, მხარს ვუჭერ ამას ყველაფერსო, ბიჭო, აღშფოთება განაცხადა ქართველმა ხალხმა, საშინელი აღშფოთება განაცხადა, იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, ქართველი კაცი ამ გათახსირებას, უზნეობას, სიბილწეს მხარს უჭერდეს".

2017 წლის 27 ოქტომბერი: მეუფე სპირიდონი კახა კალაძეზე: "ეს კაცი ხელიდან არის წასული, კაცო, ასე გამოდის".

2018 წლის 12 მარტი: მეუფე სპირიდონის მორიგი ჰომოფობიური განცხადება:

"ტრანსგენდერები და ჰომოსექსუალები, ეკლესიაში სამარცხვინო კი არა, საშიშიც კია მათი ხსენება, აი, ამ საშინელი ცოდვის, იუსტიციის სახლთან გამოვიდნენ და დიდის ამბით დაიწყეს, რომ ჩვენ ასე, ჩვენ ისე და სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ქართული პოლიცია იცავდა მათ. ...ვის უნდა მოუსმინოს ხელისუფლებამ, ჩვენს წმინდანებს თუ, ბოდიში და, ამ "პიდარასტებს" თავზე ხელი გადაუსვას? სირცხვილი არ არის, კაცო? ქართველები აღარა ვართ? ვინა ვართ, გადაგვარებული ნაცია ვართ? მანქურთები ვართ? თუ გავირყვენით თავიდან ბოლომდე, კაცო? სამარცხვინო არ არის? იმის მაგივრად, რომ უთხრა იმათ, რომ წადი, შვილო, სახლში, გამოსწორდი, ნუ ხარ ამ საშინელ ცოდვაში ჩავარდნილი, ნუ აკეთებ ამ საშინელი ცოდვის პროპაგანდას. შენ თუ ხარ მაგ საშინელ სიბილწეში და გათახსირებაში, ჭკუაზე მოდი და გამოდი მაგ ცოდვიდან, კაცო".

2018 წლის 12 მარტი: "ნებისმიერ დამპყრობელზე უარესია ევროკავშირი, რომელიც გვრყვნის".

2019 წლის 14 ივლისი: "ნატო და ევროკავშირი არის ქვეყნები, რომლებიც გათახსირებას აკანონებენ".

2019 წლის 14 ივლისი: მეუფე სპირიდონი ოკუპაციაზე:

"იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული".

2020 წლის 11 აგვისტო - მეუფე სპირიდონი ქადაგებისას კორონავირუსის თემას გამოეხმაურა და მრევლს უთხრა, რომ სადაც უფალია, იქ ვირუსი არ არსებობს. "რა კორონა, რა მორონა! სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას კაცო?!"

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 7 დეკემბერს, სხალთელ ეპისკოპოსს კორონავირუსი თავად დაუდასტურდა. 

2021 წლის 25 თებერვალი"მთავარი არხი", "ტვ პირველი" და "ფორმულა" და კიდევ ზოგიერთები - ეს არის სატანის მიკროფონი". 

2021 წლის 20 მარტი - სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრების შესახებ ესაუბრება: "რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდნ გაგდებით ემუქრებიან. რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ? გაქვთ ამის პასუხი? არ გაქვთ. რას გვაძალებთ კაცო, სიკვდილს?"

2021 წლის 8 აპრილი - მეუფე სპირიდონის მორიგი ანტივაქსერული განცხადება: "რას წამლავ შენ ხალხს, რას უშვებ შენ ხალხში ათას ოხრობას და უბედურებას, მის სისხლში. ექიმები ხართ და იმის მაგივრად ხალხს იცავდეთ გამოდიხარ და ეშმაკისკენ დევნი ხალხს და წამლავ ხალხს".

2021 წლის 17 აპრილი - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს დაუპირისპირდა: "მოსულები იყვნენ იქ [ნინოწმინდის პანსიონში] სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ შეუშვან იქ. იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ და ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ ამ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება. წაბილწავენ იქაურობას. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი უფლის წინაშე და მე ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს".

2021 წლის 15 მაისი - მეუფე სპირიდონი ისევ სახალხო დამცველზე: "შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია
ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ქალი ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ, შეგამოწმებო? ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ. შე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ახლა.. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის ხომ დაიღუპება".

2021 წლის 28 მაისი - მეუფე სპირიდონი ამჯერად უკვე "რიონის ხეობის მცველებს" უპირისპირდება. ის აქციის მონაწილეებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, საჯაროდ შეინანონ "ჯვრის გმობა" და "სოდომ-გომორის" ცოდვის მიმართ მიმღებლობა: "თუ გინდათ, ეხლა თქვენ ღმერთმა გაპატიოთ, შვილებო, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი განურჩეველი, მიმღებლობითი დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ. თუ თქვენ ამას სახალხოდ არ შეინანებთ, რახან სახალხოდ იქნა ეს გამოთქმული, მაშინ მე გეტყვით თქვენ, რომ ძალიან ცუდი ფინალი ელის თქვენ, თითოეულ თქვენგანს და საერთოდ თქვენ მომავალს პირადად".

2021 წლის 4 ივნისი - მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ გარკვეული "არაჯანსაღი ძალები" ეკლესიის
დისკრედიტაციას ეწევიან, ის მათ არ ენდობა და მისივე თქმით, ვინც ენდობა, ისიც "ცოდვაშია". "უამრავ ხალხს ვეკითხები. ყველა, მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ უკვე ზიზღით ლაპარაკობს, მე რატომ უნდა შემოვუშვა? თქვენ თუ არ შეუშვებთ თქვენ შვილებთან და არ გაარყვნევინებთ საკუთარ შვილებს, ესენი ჩემი შვილები არიან, მე რატო უნდა შემოუშვა?"

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი