სოფელ შუაგორას სკოლის დირექტორის მოადგილეს, ზაირა ნიჟარაძეს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებას ედავებიან. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ამბავი სოფელ შუაგორას სკოლაში 2021 წლის 25 აპრილს მოხდა. ყველაფერი ასე დაიწყო:
სკოლის დამლაგებელმა დირექტორის მოადგილეს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებით მიმართა. იმის გამო, რომ განცხადების დაწერა ქეთევან გოლეთიანმა საკუთარი ძალებით ვერ შეძლო, დირექტორის მოადგილეს, ზაირა ნიჟარაძეს სთხოვა მისთვის განცხადების ნიმუში დაეწერა, იმ პირობით, რომ მოგვიანებით მას საკუთარი ხელით გადაწერდა. ქალმა პირობა არ შეასრულა - ნიმუშის სახით დაწერილი განცხადება ხელმოწერით დაადასტურა და სკოლის კანცელარიაში ჩააბარა. განცხადების ჩაბარებიდან მალე დირექტორის მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს და პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ირკვევა, რომ გამოძიება არა სინამდვილის დადგენას, არამედ დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ საქმის შეკერვას ცდილობდა.
საქმის გამოძიება ვანის პოლიციის დეტექტივ - გამომძიებელი ზურაბ ხმელიძეს დაავალეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, "მთავარი არხის" ეთერში სისტემა ამხილა და უკანონო დავალებების გამცემებზე ღიად ისაუბრა.
ხმელიძე ამბობს, რომ ზემდგომებისგან საქმის შეკერვის დირექტივებს იღებდა.
განყოფილებაში ერთმანეთის მიყოლებით იბარებდნენ სკოლის მასწავლებლებს. გამოკითხვის დაწყებამდე ყველა ერთი და იგივე მარშრუტს გადიოდა - პოლიციის უფროსის კაბინეტიდან - გამომძიებლამდე, სადაც ყვებოდნენ ყველაფერს, ზაირა ნიჟარაძის წინააღმდეგ.
ზაირა ნიჟარაძის საქმის ყოფილი გამომძიებელი ასახელებს იმ პირებს, რომლებიც დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ საქმის შეკერვას გეგმავდნენ:
პოლიციიის მაღალჩინოსანი რომელიც უდანაშაულო ქალის უმკაცრესად დასჯის ბრძანებებს გასცემდა - სულხან თამაზაშვილი - იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
თამაზაშვილის დავალებებს ვანის რაიონული პოლიციის უფროსი სერგო ადეიშვილი იღებდა, დავალებების უშუალო შესრულება კი ზურაბ ხმელიძეს ევალებოდა.
ზაირა ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ საქმის შეკერვა პოლიტიკური ნიშნით ხდება. ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ ქეთევან გოლეთიანის განცხადება დაინტერესებულმა პირებმა სასურველი ფორმით გამოიყენეს. ზაირა ნიჟარაძის შვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის აქტიური მხარდამჭერია. ბადრი მებურიშვილი, რომელმაც სისტემის უსამართლობა საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა, ამბობს რომ ის რაც ხდება სწორედ მისი და მისი ოჯახის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.