სავარაუდოდ ხელყუმბარის, ან იარაღის ჩადებას უპირებდნენ - ადიგენში დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დაკავებული გოჩა აზირაშვილის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ დაცვის მხარე სასამართლოზე ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტის საკითხს დააყენებს.

ღურწკაიას თქმით, პოლიციას არ აქვს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ აზირაშვილმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.

ადვოკატი ასევე ფიქრობს, რომ პოლიციელები აზირაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის ან ხელყუმბარის ჩადებას უპირებდნენ. მისი ინფორმაციით, პოლიციელები დაკავებამდე მას აფრთხილებდნენ, რომ თუ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ჩავიდოდა, პოლიცია მას იარაღს ჩაუდებდა და დააკავებდა. 

"სავარაუდოდ უპირებდნენ, ჩემი აზრით, ხელყუმბარის ან ცეცხლსასროლი იარაღის ჩადებას. ამასთან დაკავშირებით ის გაფრთხილებული იყო, რომ თუ ჩამოვიდოდა ახალციხეში და ზოგადად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, მას ჩაუდებდნენ და აუცილებლად დააკავებდნენ.

გადაადგილების უფლებას უკრძალავდნენ, საცხოვრებელი სახლის არჩევის უფლებას, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. აღნიშნული ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ყველა სამსახურს, თუ რამე არსებობს, საქართველოში ამასთან დაკავშირებით მივმართავთ",-თქვა დაკავებულის ადვოკატმა.

აზირაშვილის ოჯახი კი პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, 28 წლის გოჩა აზირაშვილი პოლიციის სამმა ეკიპაჟმა წაიყვანა. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიჰყავდათ, თუმცა გზად მარშრუტი შეცვალეს, ბიჭი მიტოვებულ შენობაში მიიყვანეს, სადაც 12-მდე პოლიციელმა სცემა. მათი თქმით, მომხდარში მონაწილეობას ადიგენის პოლიციის უფროსიც იღებდა, რომელიც ბიჭს ეუბნებოდა, რომ ციხეში გაუშვებდა. 

დაკავებულის ოჯახი ასევე ამბობს, რომ მათი შვილი წლებია სამართალდამცავების მხრიდან დევნის მსხვერპლია, მას სოფლის დატოვებას აიძულებდნენ და სთხოვდნენ პოლიტიკური დავალებები შეესრულებინა. 

დაკავებული ამ დრომდე ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ, დღეს 9 ივნისს იმსჯელებს. სამართალდამცველებმა გოჩა აზირაშვილი გუშინ, 9 ივნისს დააკავეს.

 

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი