ნანგრევებში შეიყვანეს და სცემეს, პოლიციის უფროსი "ლიმონკას" უტრიალებდა - ადიგენში დაკავებულის ოჯახი

გამოქვეყნდა:

აზირაშვილების ოჯახი, რომელიც პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, დღეს პროკურატურას მიმართავს. შემთხვევა ადიგენში, სოფელ უდეში გუშინ მოხდა. ეკა აზირაშვილი ამბობს, რომ მისი ბიჭს პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე ხელყუმბარისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა.

ოჯახი ამბობს, რომ 28 წლის გოჩა აზირაშვილი პოლიციის სამმა ეკიპაჟმა წაიყვანა. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიჰყავდათ, თუმცა მათ მარშრუტი შეცვალეს, ბიჭი მიტოვებულ შენობაში მიიყვანეს სადაც 12-მდე პოლიციელი გაუსწორდა. მომხდარში მონაწილეობას ადიგენის პოლიციის უფროსიც იღებდა, რომელიც ბიჭს ეუბნებოდა, რომ ციხეში გაუშვებდა. 

"4 საათი უმისამართოდ გამქრალი იყო, ნანგრევებში შეიყვანეს და ურტყამს ეს 12 კაცი. ხელები ამოგრეხილი ჰქონდა, ადიგენის პოლიცის უფროსი ლიმონკას უტრიალებს, მე შენ ეხლა 6 წლით გაგიშვებ კურორტზეო. [...] ეს პირველი მუქარა არ არის, ეს არის გამოსვლის დღიდან მუქარა, წასული იყო თვენახევარი, დაურეკეს ჩამოიყვანეს რაღაც საქმეზე დაგვეხმარეო, ესეც დაეხმარა", - ამბობს დაკავებულის მამა, მალხაზ აზირაშვილი. 

დაკავებულის ოჯახი ამბობს რომ მათი შვილი წლებია სამართალდამცავების მხრიდან დევნის მსხვერპლია, მას სოფლის დატოვებას აიძულებდნენ და სთხოვდნენ პოლიტიკური დავალებები შეესრულებინა. კერძოდ, ოჯახი ამბობს რომ ბოლოს მას 100-ზე მეტი ადამიანის შეგროვება დაავალეს, რათა მათი წაყვანა თბილისში, "უცნობის" აქციაზე მომხდარიყო.

დაკავებული ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. სასამართლო მის აღკვეთ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი